"თავისუფალი სიტყვის დასაცავად" - ამ ლოზუნგით რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციას მართავს დღეს უზენაეს სასამართლოსთან საკოორდინაციო საბჭოც, რომელშიც 9 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული.
აქციაზე შეკრებილები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლას გააპროტესტებენ.
„ახლა არ წყდება რუსთავი 2-ის ბედი, ახლა წყდება საქართველო იქნება თუ არა დემოკრატიული სახელმწიფო, იქნება თუ არა თავისუფალი სახელმწიფო თუ იქნება სახელმწიფო, რომელიც არის კერძო საკუთრებაში ვიღაც ოლიგარქის.
"ყველა ინსტიტუტს ივანიშვილი თანმიმდევრობით ანგრევს, ამიტომ პასიურობის დრო არ არის და ყველას მოვუწოდებ, რომ დაუდგეს თავისუფლების მთავარ გარანტორს, ანუ რუსთავი 2-ს გვერდით,“-განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ.
საბჭოში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მედია თავისუფლება და პლურალიზმი დღევანდელ აქციაზე მივიდნენ.
„ამ დღეს შეუძლია იყოს დღე, რომელიც გადაარჩენს თავისუფალ სიტყვას და სასამართლო სისტემას საქართველოში და პირიქით ეს დღე შეიძლება გახდეს დღე როდესაც შეიზღუდება საბოლოოდ თავისუფალი სიტყვა, დასრულდება დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში და ფეხქვეშ იქნება გათელილი სასამართლო სისტემა,“-აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურია და მისი მიზანი თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ყველა ვიყოთ სასამართლოს წინ რათა დავიცვათ რუსთავი 2. იმიტომ, რომ მიმდინარეობს ბრძოლა დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ და დღეს რუსთავი 2 არის ამ დემოკრატიული ინსტიტუტების გაშუქების გარანტი. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად პერმანენტული აქციებისთვის რათა დავიცვათ რუსთავი,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.