19 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" "რუსთავი 2-ის" მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას მიიღებს

თავისუფალი დემოკრატები რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ. პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სიტყვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

"თავისუფალი დემოკრატები 2 მარტს სატელევიზიო კომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ სიტყვის თავისუფლებას ვიცავთ ყოველთვის, იმის მიუხედავად, ხელისუფლებაში ვართ თუ ოპოზიციაში. სიტყვის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ და მისდამი კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებსა და ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ საქმიანობა. ამიტომ რუსთავი 2-ის ისეთი სახით შენარჩუნებას, რომელი სახითაც დღეს არსებობს, ჩვენ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ, როგორც საკვანძო მომენტს თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის ბრძოლის საქმეში.

"თავისუფალი დემოკრატები რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობის დასაცავად მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია სიტყვის თავისუფლება, პლურალისტული მედია და კრიტიკული აზრი.

"ჩვენ ერთად უნდა შევაკავოთ ძალაუფლების უზურპაციისკენ მიდრეკილი ხელისუფლება და მასზე დაქვემდებარებული, პოლიტიზებული სასამართლო. ჩვენ ერთად უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპები!"- ნათქვამია განცხადებაში. 

 

დღის ამბები