უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რუსთავი2-ის საქმის განხილვა სავარაუდოდ უკვე დაიწყო. დიდი პალატის შემადგენლობაში შემავალი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს შენობაში უკვე საათზე მეტია იმყოფებიან.
საქმის განხილვის დაწყების კონკრეტული საათი უცნობია, რადგან დიდი პალატა საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვას მხარეები არ დაესწრებიან.
დღესვე დიდმა პალატამ საქმეში მანაწილე მხარეების მიერ მოსამართლეთა აცილების შესახებ დაყენებული შუამდგომლობები უნდა განიხილონ.
პარალელურად სასამართლოს შენობასთან დილიდან მიმდინარეობს რუსთავი 2-ისა და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერი აქცია, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.
„მოლოდინი იქედან გამოდინარე რასაც ბოლო წლებია აკეთებს ხელისუფლება დადებითი არ არის, თუმცა მე მაქვს იმედი, რომ საღი აზრი ეყოფათ ბოლო მომენტში. იმიტომ, რომ რუსთავი 2-ის დახურვა, მისი მეპატრონის შეცვლა, ამ ტელევიზიის გაჩუმება იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი ქვეყნის დემოკრატიისთვის,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოსების გარდა იმყოფებიან რიგით მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ რუსთავი2-ს. მათი განცხადებით, სასამართლო პროცესები, რომელიც ბოლო ორი წელია მიმდინარეობას პოლიტიკურად მოტივირებულია.