უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა უკვე დაიწყო. აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
„ჩვენი აქ დგომა ნიშნავს სასამართლოს გადარჩენას. თუ რუსთავი 2-ს პოლიტიკა შეიცვლება ჩვენ გვექნება ერთგვაროვანი მედია, გვექნება დაქვემდებარებული პრეზიდენტის ინსტიტუტი, შემდეგი ნაბიჯი იქნება საპატრიარქო, გვეყოლება მეფე, რომელიც ტახტზე არ ზის,“- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა.
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ის მხარდაჭერა, არამხოლოდ რომელიმე ტელეკომპანიის დაცვაა, არამედ სიტყვის თავისუფლების დაცვაა.
უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე თავისუფალი დემოკრატების წევრებიც იმყოფებიან.
„ამ საქმეს დავარქმევდი ქართული ოცნების ხელისუფლება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ქართული ოცნების ხელისუფლება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ,“- განაცხადა ლევან სამუშიამ.
თავისუფალი დემოკრატების წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, ხელისუფლება მედიის ხელში ჩასაგდებად პოლიტიზირებულ სასამართლოს იყენებს.
ახალ პოლიტიკურ ცენტრ-გირჩშიც აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.