უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიმართა.
უდუმაშვილმა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მიიღონ სწორი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
უდუმაშვილის თქმით, რამდენიმე თვიანი ბრძოლის შემდეგ რუსთავი 2 დღეს დგას ზღვარზე, უფსკრულის წინაშე და უზენაეს სასამართლოზეა დამოკიდებული გადაიჩეხება თუ არა დღეს თავისუფალი სიტყვა უფსკრულში.
„დღეს ამ შენობაში წყდება ამ ქვეყნის მომავალი, 9 ადამიანი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და როგორ საქართველოში უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები. მე არ მინდა დავიჯერო რომ 5 მოსამართლე არ მოიძებნება ამ შენობაში ისეთი, რომლისთვისაც საკუთარი შვილების და ამ ქვეყნის მომავალი უფრო ძვირფასია, ვიდრე დღეს მიღებული თუნდაც, გამორჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილება. ძალიან რთულია წარმოიდგინო, რომ ვიღაცამ შეიძლება უარი უთხრას განვითარებაზე და უარის უთხრას ჩვენს შვილებს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებაზე. არ მინდა დავიჯერო, რომ სიბნელე გაიმარჯვებს სინათლეზე.
"ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ ყველამ ერთად, თქვენთან ერთად. ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, რომ დაგვეცვა რუსთავი 2 და დაგვეცვა ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება.
"დღეს ვართ ბოლო ზღვარზე, დღეს ვდგავართ უკვე უფსკრულის წინაშე და ახლა სწორედ სასამართლოზეა დამოკიდებული გადავიჩეხებით ჩვენ თუ განვაგრძობთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლისთვისაც ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია.
"ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც საბოლოოდ მოეწერა ხელი. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ არაფერს არ ნიშნავს ეს, თუ ქვეყანას არ გააჩნია ის ღირებულებები, რაზეც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ შევიდეთ ევროპულ ოჯახში. ეს კარი ისევე დაიხურება, როგორც გაიღო. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი სიტყვა არსებობდეს ქვეყანაში, ხალხს ჰქონდეს უფლება მოისმინოს ის, რაც მას სურს.
"მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსამართლეებს, იყავით გაბედულები, იყავით მტკიცეები, ნურავინ გაიძულებთ, რომ შეცვალოთ გადაწყვეტილება იმიტომ, რომ თქვენზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არ არის,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.