ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უკვე მესამე დღეა იმყოფებიან. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ შეხვედრებზე მთავარი თემა ძირითადად რუსთავი 2-ის საქმეა.
ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ევროდეპუტატებმა საქმის შესახებ დეტალები იციან და მოვლენების განვითარებას თვალ-ყურს ადევნებენ.
„უკლებლივ ყველა, ვისაც ჩვენ შევხვდით, თვლის, რომ რუსთავი 2 არის წითელი ხაზი, რომლის მიღმა საქართველოს სახე იცვლება, საქართველო გარდაიქმნება არადემოკრატიულ ქვეყნად, თუ რუსთავი 2 წაიღო ივანიშვილმა,“ - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელია განცხადებით, არცერთ ევროდეპუტატს არ აქვს განცდა, რომ რუსთავი 2-ის საქმე არის ორ სუბიექტს შორის დავა. მისი თქმით, ქვეყანა „დემოკრატიულ რელსებს ასცდა“.
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის მხრიდან რუსთავი 2-ის საკითხზე ოფიციალური განცხადებები დიპლომატიური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ კეთდება, სანამ სასამართლოს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დაამტკიცოს, რომ ამ საქმეზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.