უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ახალი დირექტორი.
განცხადება ხალვაშმა ტვ პირველთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, კანდიდატებს შორის დავით დვალი ერთ-ერთი პირველია. ხალვაში ბოლოს დვალსა და აქიმიძესთან შეხვედრასაც იხსენებს და აცხადებს, რომ ბოლო შეხვედრისას დვალი მენეჯმენტში მუშაობაზე უარს აცხადებდა.
ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს წილს „ზუსტად იმდენს გაუყოფს, რამდენსაც დაიმსახურებენ“.
„სულ ბოლო შეხვედრის დროს ბატონმა დვალმა უარიც კი განაცხადა მენეჯმენტში მონაწილეობაზე, ჩვენს შეხვედრაზე, პერსონალურზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმან გადაიფიქრა და სასარგებლო იქნება, რომ მენეჯმენტში მონაწილეობა მიიღოს. ჩემთვის სიურპრიზი იყო გუშინწინდელი განცხადება, თითქოს ისევ იმ პირობაზე ვიყავით. ბოლოს ისე დავშორდით, რომ ვთხოვდი, თუ დავაბრუნებდით, თვითონ მონაწილეობა მიეღო, მაგრამ თვითონ უარი განაცხადა. თავისი კოლექტივის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, ის გამოადგება რუსთავი2-ს.
„ჩემი მოსაზრება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შერჩეული იყოს კონკრეტული ვინმე იმიტომ, რომ თანხმობაც უნდა იყოს მეორე მხარის. აქედან გამომდინარე, შეირჩევა საუკეთესო ადამიანი, რომელიც სასარგებლოა კოლექტივისთვის. დავით დვალი ერთ-ერთ პირველი კანდიდატია.
„ზუსტად იმდენს გავუყოფ, რამდენსაც დაიმსახურებენ. ჩვენ თვითონ მოვილაპარაკებთ, ეს ჯერ კიდევ სალაპარაკო თემაა. შეიძლება, სულ დავუთმო. სულ არ დავუთმოზე არ არის საუბარი,“ - განაცხადა ხალვაშმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს პანორამას მიაკუთვნა.