რუსთავი2-ის მხარდასაჭერად სამაუწყებლო კომპანიის ეზოში ხალხს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე, შემოუერთდა.
„მე აქ ვიმყოფები, როგორც ჟურნალისტი, მე აქ ვიმყოფები, როგორც მოქალაქე, მე აქ ვიმყოფები ჩემი კოლეგების მხარდასაჭერად, მე აქ ვიმყოფები თავისუფალი სიტყვის დასაცავად, კრიტიკული, განსხვავებული აზრის დასაცავად და მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო კარგი, უფრო მყარი, უფრო ძლიერი დემოკრატია,“ - აცხადებს ეკა მიშველაძე.
მისი აზრით, სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებს ერთმანეთის მხარში დგომა ხშირად უწევთ. ის აცხადებს, რომ მას უკეთესის მოლოდინი აქვს და ფიქრობს, რომ რუსთავი2 გადარჩება.
„მე მინდა, რომ გაგამხნევოთ პირველ რიგში და მოვედი მართლა ამიტომ. მე მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი არ არის ისე ცუდად, როგორც ახლა ჩანს დღეს, აი აქ, როდესაც ხალხი არის ძალიან აღელვებული. თქვენს გვერდით არის ყველა. პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ არის რუსთავი2-ის დამცველი, მხარდამჭერი. უბრალოდ, მე დღეს ვერ გეტყვით ოფიციალურ პოზიციას, ამის შესახებ ვრცლად ვისაუბრებთ ხვალ,“ - აცხადებს ეკა მიშველაძე.