სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე რუსთავი 2-ის მხარდამჭერებმა ტელეკომპანიასთან შეკრება დაიწყეს. მოქალაქეები, პოლიტიკოსები და საზოგადეობისათვის ცნობილი სახეები, რომლებიც ტელეკომპანიაში ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ, აცხადებდნენ, რომ ერთიანი ძალებით შეეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ბოლომდე დაიცავენ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას.
გვიან ღამით მათ რამდენიმე კარავიც დადგეს, მხარდამჭერების ნაწილი მთელი ღამე აქ იმყოფებოდა. სიტყვის თავისუფლების დასაცავად ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმის შესახებ განაცხადებს.
12 საათზე პოლიტსაბჭო ერთიან გაფართოებულ ბრიფინგზე განაცხადებს სამომავლო გეგმების შესახებ.
"გახსნილად ვიმსჯელოთ, როგორ შევქმნათ წინააღმდეგობრივი ფრონტი ოლიგარქის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ხელისუფლებისთვის ერთადერთი გონივრული გამოსავალი იქნება არსებული სიტუაციის შემობრუნება და ქვეყანაში დარჩეს თავისუფალი ტელევიზია.
"ეს არის უკანონობის გვირგვინი. ამით ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგა ქართულ დემოკრატიას, რომელიც ამ ძალიან მალე გამოიღებს შედეგებს," - აღნიშნა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ლევან სამუშიამ.