ქიბარ ხალვაში, რომელსაც უზენაესმა სასამართლოს დიდმა პალატამ გუშინ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი მიაკუთვნა, სამომავლო გეგმებზე საუბრობს. განცხადებას ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია იმედთან აკეთებს.
ხალვაში ამბობს, რომ ბედნიერია უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და ის გეგმავს, რომ რუსთავი 2 იყოს კვლავ ლიდერი და ხალხისთვის სასარგებლო ტელევიზია.
რაც შეეხება რუსთავი 2-ში ახალი მენეჯმენტის მისვლას, ხალვაშის განცხადებით, ისინი სამაუწყებლო კომპანიაში მივლენ მაშინვე, როგორც კი ამის საშუალება იქნება.
მისივე თქმით, ყველა ის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც დარჩენას მოინდომებს შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.
„შევალთ როდესაც საშუალება იქნება, 9 წელი უსამართლობას ემსახურებოდნენ და გვარამიას ნათქვამს თქვენ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ადამიანი მთელი ცხოვრება უსამართლობას ემსახურება.
"ყველა პროფესიონალური ადამიანი, ვინც ამ სამსახურში მუშაობს და ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენთან ერთად იმუშაოს და რუსთავი 2-ში იმუშაოს, ყველა იქ იქნება და იმუშავებს,“-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
საქმე დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთ დღეში განიხილა, გადაწყვეტილება კი უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქმის სამართლებრივი დასაბუთებას მხარეები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ჩაიბარებენ.