საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მთავრობა მოუწოდებს საზოგადოებას დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-თან დაკავშირებით დავა მძიმე მემკვიდრეობის ფონზე მიმდინარეობს.
"საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია, მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად.
"ამ საქმემ უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ.
"საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა. ამავე დროს, მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად," - აღნიშნულია განცხადებაში.