პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო შეხვედრებზე მედიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებულ მსჯელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
კურიერის ეთერში მან აღნიშნა, რომ არ ყოფილა არცერთი საერთაშორისო შეხვედრა, სადაც მედიის თავისუფლების შესახებ, მათ შორის, რუსთავი2-ის საქმეზე, არ ესაუბრათ.
ფიქრია ჩიხრაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მოწოდება „დანაშაულებრივი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან“ თავის შეკავებასთან დაკავშირებით, საქმის სამართლებრივი განხილვისკენ გადატანას შეეხებოდა.
„სწორედ ამ ბევრი ფაქტორის ერთობლიობით პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა მხარეს, რომ ნაჩქარევი, გაუაზრებელი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისგან ყველამ თავის შეიკავოს. გამომდინარე იქიდან, რომ იმთავითვე პოლიტიკური ელემენტი ამ პროცესს ახლდა თან და ძალიან ჭირს, რომ მხოლოდ სამართლებრივ დავაში გადაიტანო ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გარეშე, უნდა მისცენ დღევანდელ ხელმძღვანელობას ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.
„დღეს უმნიშვნელოვანესია, რომ ისმოდეს განსხვავებული აზრი, რომ ისმოდეს კრიტიკული სიტყვა, რომ რუსთავი2, როგორც ფლაგმანი ამ კრიტიკული და განსხვავებული აზრისა ფუნქციონირებდეს შეფერხებების გარეშე,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.