სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი, განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა „გამოუსწორებელი შედეგის“ თავიდან ასაცილებლად გაიგზავნა.
„გამოუსწორებელი შედეგის თავიდან ასაცილებლად ვთხოვეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მიეღო დროებითი ღონისძიება, რაც, ჩვენი აზრით, დასაკმაყოფილებელი იყო და შესაბამისი გადაწყვეტილება იყო მიღებული,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
კურიერის ეთერში მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ წუთებშიც, მათ შორის იმაზე, რომ ჩვენი პოზიცია, რაც შეიძლება, უფრო მეტად გავამყაროთ და შესაბამისად მივაწოდოთ ის დოკუმენტაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელიც მომავალში დაგვეხმარება ამ სასამართლოში საქმის ჩვენს სასარგებლოდ დამთავრებაში,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
იურისტმა აღნიშნა, რომ 8 მარტის შემდგომი მოვლენების შემდგომი განვითარება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.