რუსთავი2-ის იურისტებისგან დამატებით დოკუმენტებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 8 მარტამდე ელოდებიან. ახალი მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ მიიღებს ევროპელი მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოყენებული დროებითი მექანიზმის გაგრძელების ან გაჩერების შესახებ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით უპრეცენდენტოა. ამგვარ მექანიზმს ევროპელი მოსამართლეები, ძირითადად, ისეთ შემთხვევებში იყენებდნენ, როდესაც კითხვის ქვეშ ადამიანის სიცოცხლე იყო, ან იყო რისკი მისი უკანონო ექსტრადირების და წამების.
მოთხოვნა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე სტრასბურგის სასამართლოში იურისტებმა გუშინ დილით გააგზავნეს. იურისტებმა ოფიციალურ განაცხადს თან რამდენიმე დოკუმენტი დაურთეს, რომლის საშუალებითაც სურდათ ევროპელი მოსამართლის დარწმუნება, რომ უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, ტელეკომპანიის მფლობელების ცვლილებას შესაძლოა, სარედაქციო დამოუკიდებლობა შეეწირა.
სტრასბურგში რუსთავი2-ის მოპასუხე საქართველოს სახელმწიფოა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს.
გუშინ მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შეფასებისგან მინისტრმა თავი შეიკავა. თუმცა, თეა წულუკიანმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ გადაწყვეტილება მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, რომ მოსამართლე სასამართლოს სექციის ვიცეპრეზიდენტია.
სტატუსის გარეშეა სტრასბურგის სასამართლოში ქიბარ ხალვაში. მისი იურისტი ამბობს, რომ განსაზღვრულ დრომდე სამართლებრივ ქმედებებს არ აპირებენ. თუმცა, პაატა სალიას გადაწყვეტილების მიმართ გარკვეული შეკითხვები აქვს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ რუსთავი2-ში გუშინ საღამოს 9 საათისთვის გახდა ცნობილი.