რუსთავი2-ის ირგვლივ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესები და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იყო მთავარი თემა არხის ხელმძღვანელობასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე.
რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს წინადადებით მიმართა, შეიმუშაონ ერთობლივი ოფიციალური განცხადება ევროსასამართლოში წარსადგენად, რომლის საშუალებითაც, სამოქალაქო სექტორი აღსრულების პროცესის შეჩერების მნიშვნელობასთან დაკავშირებით სტრასბურგს პოზიციას გააცნობს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თქმით, უახლოესი 2 დღის განმავლობაში ისინი კონსულტაციებს გამართავენ და ერთობლივ განცხადებაზე შეჯერდებიან და ევროსასამართლოს მიმართავენ.
მედიამკვლევარ ნინო დანელიას თქმით, დღეს და ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივ ტექსტზე იმუშავებენ, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნიან.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, გიორგი რუხაძის, აზრით, მნიშვნელოვანია, რომ არასამთვრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი ევროპული არჩევანის დასაცავად დადგეს.
რუსთავი2-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას იურისტი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტი, ბაია პატარაიაც, ესრებოდა.
„სტრასბურგის მიერ ამ ზომის მიღება უკვე ნიშნავს, რომ სტრასბურგი ხედავს რეალურ საფრთხეს, რომ მედია და სიტყვის თავისუფლება სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას საქართველოსთვის და ხელისუფლება წარმოადგენს ამ საფრთხეს რუსთავი2-თვის,“- განაცხადა ბაია პატარაიამ.
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თათა ცოფურაშვილი, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას "გამაფრთხილებელ ზარს" უწოდებს.
„იმედი მაქვს, რომ გამაფრთხილებელი ზარი, რომელიც ევროპული სასამართლოს მხრიდან გაისმა, ადეკვატურად იქმნება აღქმული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ და ისინი გონიერების ფარგლებში იმოქმედებენ არამარტო 8 მარტამდე, არამედ 8 მარტის შემდგომაც და იმ სახიფათო თამაშს, რასა ჰქვია თავისუფალ მედიასთან, მათგან არაკონტროლირებად მედიასთან თამაში და თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ამისგან თავს შეიკავებენ,“ - განაცხადა თათა ცოფურაშვილმა.