„უპრეცენდენტო იქნება იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლო დავის დასრულებამდე შეაჩერებს ეროვნულ დონეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ისეთ საქმეზე, რომელიც არ ეხება ადამიანის წამებას, დეპორტაციას,“ - ასე აფასებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა. მან აღნიშნა, რომ ელოდებიან სასამართლოს მიერ 8 მარტის შემდგომ გადაწყვეტილებას.
„აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით იმიტომ იქნა შეჩერებული, რომ სტრასბურგის სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩვენი მხარის ინტერესსაც,“ - განაცხადა პაატა სალიამ.
კურიერის ეთერში მან აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა მხარე უნდა დაემორჩილოს. ის ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ სამართლებრივი ნაწილის განხილვა სასამართლოს ერთ დღეშიც შეეძლო.
„დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ჩვენ ველოდებით ამ დასაბუთებას და ნებისმიერ მხარეს შეგვეძლება, შემდგომ გავაკეთოთ კომენტარები, რამდენად მოახერხა იმ მცირე დროში დაესაბუთებინა პოზიცია,“ - განაცხადა პაატა სალიამ.