19 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
ძალაში დარჩეს აღსრულების შეჩერება - 28 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა სტრასბურგს

ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-ის თემაზე აღსრულების შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივებას სთხოვს სამოქალაქო სექტორი. შესაბამისი განცხადება, რომელსაც ხელს 28 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, სტრასბურგში უკვე გადაგზავნილია.

სამოქალაქო სექტორი იმედოვნებს, რომ ევროპული სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეს წარმოებაში მიიღებს და აღსრულების შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივებას მის დასრულებამდე ითხოვს.

„მივმართავთ სტრასბურგს, ძალაში დარჩეს აღსრულების შეჩერება მანამ, სანამ სასამართლო არ იმსჯელებს ამ საკითხზე, ვინაიდან ქართული დემოკრატიისთვის და პლურალისტული მედია გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული არხის არსებობა მედია ბაზარზე, რაც პრინციპში იყო კრიტიკის საფუძველი ქვედა ინსტანციის და ურთმელიძის ცნობილი გადაწყვეტილება ნამდვილად გააოცებს ევროსასამართლოს,“ - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან რუსთავი 2-ის საქმეების გაჭიანურებაზე აკეთებენ აქცენტს და კანონში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საეჭვო ცვლილებებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შესაძლოა არსებობდეს რისკი სახელისუფლებო დაინტერესების რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ამის საილუსტრაციოდ მოყვანილია სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის პირველ რიგში, პირველი ინსტანციის განჩინება, რომლითაც მოხდა სარედაქციო პოლიტიკის არაობიექტურობის დროებითი მმართველის დანიშვნა, ის მიზეზები, რომელიც შეეხებოდა მოსამართლეების ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების გამო, ხელისუფლების შესაძლო გავლენას მოსამართლეებზე და მესამე, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებული მოვლენები,“ - აცხადებს ღია საზოგადოება - საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე.

დღის ამბები