19 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან" - მედიასაშუალებების ერთობლივი განცხადება "რუსთავი 2"-ის საქმეზე

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე. სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე, ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში," - ნათქვამია განცხადებაში.

რადიო მაესტროს დირექტორი ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის მიტაცების მცდელობაზე საუბრობს. 

„არ შეიძლება ატომური ბომბი ჰქონდეს მხოლოდ ერთ ქვეყანას, რადგან ის გაანადგურებს ყველა დანარჩენ ქვეყანას. როდესაც ხელისუფლებას აქვს თითქმის ყველა ტელევიზია მიტაცებული, ჯიბეში ჩასმული, არ შეიძლება მან მიიტაცოს ბოლო ტელეკომპანია, რომელიც არ იზიარებს ამ ხელისუფლების აზრს, ეს საზიანოა ქვეყნისთვის, დამღუპველია თვითონ ხელისუფლებისთვის და ძაან მეცოდება ის ადამიანები, ვისაც ჰგონიათ, რომ ამ ხელისუფლებას იცავენ და დამღუპველია საერთოდ დემოკრატიისთვის,“ - განაცხადა რადიო მაესტროს დირექტორმა მამუკა ღლონტმა.

სააგენტო ნიუპოსტის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით, ყველა საინფორმაციო საშუალება საფრთხის ქვეშ დგება.

„თუ დღეს არ დავიცავთ რუსთავი 2-ს, უნდა გვახსოვდეს, რომ ხვალ თითოეული ჩვენგანის კარებზე მოაკაკუნებენ,“ - აცხადებს ეკა შინდაგორიძე.

დღის ამბები