გიორგი კვირიკაშვილის პასუხი რუსთავი 2-ის საქმეზე. პრემიერმინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მედია კოალიციის წევრ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე გააკეთა.
პრემიერის ინიციატივის მიხედვით, ამ ინსტიტუტში მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები.
პრემიერი მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვრის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მიზანი იყო საუბარი იმ აღქმებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიქმნა და რომელიც, მთავრობის მეთაურის აზრით, არსებული რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
"ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავის 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე. ამასთან, მინდა, ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არა ერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც. სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია,"- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოს ერთერთი ფუნდამენტია სასამართლოს დამოუკიდებლობა.
„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის. მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება. სწორედ ამიტომ, საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, მოქმედი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია სიტყვის თავისუფლება.
„პირველ რიგში სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის, ევროპელ მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც რუსთავი 2-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.