ვიცეპრემიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მთავრობამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, რომელსაც განათლების მინისტრი მიესალმება.
„დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედიათავისუფლებას საქართველოში რაიმე საფრთხე ემუქრება, ჩვენი აზრით, არ შეესაბამება სიმართლეს და არის არასრულ ანალიზზე დაფუძნებული. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ საერთაშირისო საზოგადოება, ევროპელი ექსპერტები და ავტორიტეტები ჩაერთვებიან და ადგილზე გააანალიზებენ მედიაში არსებულ მდგომარეობას, სტანდარტებს და პროცესების მიმდინარეობას, ყველა წუხილი, მათ შორის ის წუხილი, რომელზე დაფუძნებითაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო შემაჩერებელი გადაწყვეტილება და სხვა ყველა საკითხს პასუხი გაეცემა და შესაბამისად, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ვის მოსაზრებებსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და ანგარიშს ვუწევთ, აღარ ექნებათ ასეთი წუხილი,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.