პოლიტიკოსების, მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა რუსთავი 2-ს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები, საზოგადოებას, რუსთავი 2-ის მხარდამჭერებს, 11 მარტს, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობა, რომლის სათავეშიც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას, ახორციელებს შეტევას იმ არაკონტროლირებად ინსტიტუტზე, რომელსაც რუსთავი 2 ჰქვია.
„ოლიგარქია არის სისტემა, სადაც ადამიანს არ უჭირავს არანაირი თანამდებობა, დემოკრატიულად ანგარიშვალდებული არ არის, მას ვერ გადაირჩევ, ვერ მოხსნი და ეს ადამიანი იქვემდებარებს ყველა ინსტიტუტს. მათ შორის სასამართლოს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, მედიას, ეკლესიას. ახლა ამ შემთხვევაში, ის იმორჩილებს მედიას და მის ბოლო არაგაკონტროლებულ ინსტიტუტს, რომელსაც ჰქვია რუსთავი 2.
"ეს რომ არ დავუშვათ, სიტყვის თავისუფლება, რომ სადღაც მაინც გადარჩეს და თუ რუსთავი 2 გადარჩა, ყველგან გადარჩება, ამისთვის საჭიროა, რომ საზოგადოებამ სწორად იმოქმედოს პოლიტიკურად, საზოგადოებამ და არა მარტო პოლიტიკურმა პარტიებმა. ამიტომ პროტესტი აუცილებელია, რომ ოლიგარქიას, როგორც მახინჯ პოლიტიკურ სისტემას არ მივცეთ ბოლომდე გასაქანი და ის ნელ-ნელა დავამარცხოთ,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აფასებს და საქართველოს ხელისუფლებისთვის სამარცხვინო ფაქტს უწოდებს ედპ-ის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, საზოგადოებამ ხელისუფლებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება თავად უნდა მოსთხოვოს.
„ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვას ნუ გადავაბარებთ და ამიტომაც ვფიქრობ, რომ პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, ზოგადად საზოგადოება უნდა დაირაზმოს და თავის ხელისუფლებას თვითონ უნდა მოსთხოვოს, რომ სტრასბურგს ასეთი საქართველოსთვის სამარცხვინო გადაწყვეტილებები არ სჭირდებოდეს და საქართველოში ზოგადად დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია,“-აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
საზოგადოებრივი აქტიურობის აუცილებლობაზე საუბრობს თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანიც. პაატა დავითაია ამბობს, რომ რუსთავი2-ის საქმე არ არის მხოლოდ სამართლებრივი დავა და ეს არის სიტყვის თავისუფლებაზე ხელისუფლების შეტევა.
საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსების, მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა რუსთავი2-ის მხარდასაჭერად განცხადებები გაავრცელეს. 11 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს წევრებმა კი დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.