19 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
უცნაური იყო ასეთი სწრაფი დეპეშა მორიგე მოსამართლის მხრიდან, შეიძლება "რუსთავი 2"-მა "იმედის" დარბევის კადრებიც კი გადაუგზავნა - ქანთარია

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეჩერდა, მმართველი გუნდი ეხმაურება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან, ასეთი სისწრაფით გადაწყვეტილების მიღება მოულოდნელი იყო.  

„რა თქმა უნდა, ჩემთვისაც და მე მგონი ყველასთვის უცნაური იყო ასეთი სწრაფი დეპეშა მორიგე მოსამართლის მხრიდან, როგორც ჩანს მართლა შეშფოთდა და შეშინდა. შეიძლება რუსთავი 2-მა იმედის დარბევის კადრებიც კი გადაუგზავნა. არ ვიცი ახლა, მე ვფიქრობ ამას. მართლაც ასეთ სწრაფი უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო. მეორეს მხრივ ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ეს დარჩა სამართლებრივ სივრცეში,“ - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

განცხადება გააკეთა დევნილთა მინისტრმაც. სოზარ სუბარის თქმით, საქმის განხილვაში სტრასბურგის სასამართლოს ჩართვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ორ კერძო სუბიექტს შორის დავაში იქცა მხარედ.

„პირველად არის, როდესაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო არის მხარე, იმიტომ, რომ სტრასბურგში სახელმწიფო წარმოადგენს მხარეს. აქამდე, მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, ეს ასე არ იყო, ეს იყო აბსოლუტურად კერძო დავა ორ მხარეს შორის, მაგრამ რადგან აქ არის მედიასაშუალების მფლობელობაზე, რადგან აქ გაჩნდა გარკვეული კითხვები ჩვენი ოპონენტების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ საქმე მიიღო პრიორიტეტულ განხილვაში ევროპის სასმართლომ. შესაბამისად, იქ იქნება განხილვა და დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, რომელიც არ დააყენებს ეჭვქვეშ არც სასამართლოს სამართლიანობას საქართველოში, არც სიტყვის თავისუფლებას და არც არაფერს, ასე რომ ეს პირიქით, მე მგონი კარგიც კი არის, რომ ეს საქმე მოხვდა ამ განხილვაში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

დღის ამბები