19 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ოპოზიცია პრემიერმინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზე "აბსურდულს" უწოდებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ახალ ინიციატივას, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, აკრიტიკებს.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე პრემიერის ინიციატივა „აბსურდულსა და სასაცილოს“ უწოდებს.

„ინიციატივა, რომ შეიქმნას ცალკე ომბუდსმენი, როგორც ჩანს ეს ომბუდსმენი არ მოსწონთ, იმიტომ რომ მათთვის მისაღებ განცხადებებს არ აკეთებს, შექმნიან ინსტიტუტს, რომელიც დაიცავს ხელისუფლებისგან მედიასაშუალებებს. ხელისუფლებამ მიიტანა იერიში რუსთავი 2-ზე, ხელისუფლებამ გადასხა დესანტი საზოგადოებრივ მაუწყებელში და ხურავს გადაცემებს, ხელისუფლება ახდენს მედიასივრცის მონოპოლიზაციას და ახლა გვთავაზობს, რომ საკუთარი თავისგან დასაცავად უნდა შექმნას რაღაც ომბუდსმენის ინსტიტუტი. აბსურდული და სასაცილო განცხადებაა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ერთადერთი გზა, რომელიც ხელისუფლებას დარჩა, რუსთავი 2-სთვის თავის დანებებაა.

„რა ინსტიტუტიც არ უნდა შექმნას ახლა კვირიკაშვილმა ივანიშვილთან ერთად, იმ ზიანს, რომელიც მიადგა უკვე სახელმწიფოს რუსთავი 2-ის მიტაცების მცდელობით, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ აანაზღაურებს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ლეიბორისტული პარტიის წევრი, გიორგი გუგავა კი აცხადებს, რომ ქვეყანას მედიაომბუდსმენი კი არ სჭირდება, არამედ საჭიროა ხელისუფლება არ ჩაერიოს თავისუფალი ტელევიზიის საქმიანობაში, რასაც „დამონებული სასამართლოს“ მეშვეობით ახორციელებენ.

„თუ ამას გააკეთებენ, არანაირი მარკშეიდერი და მედიაომბუდსმენი არ დასჭირდება სიტუაციას,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები