არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოში სიტყვის თავისუფლების დასაცავად მანიფესტს ავრცელებს. პეტიციაზე ხელმომწერების ადრესატი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა.
პეტიციის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:
„პეტიციაზე ხელმომწერი მოქალაქეები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც მისი სიმწვავის გამო სამართლიანად მიიპყრო როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება.
2017 წლის 3 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტამდე შეუზღუდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული, ჩვენი შეფასებით ძალიან საეჭვო, გადაწყვეტილების აღსრულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხსენებულმა გადაწყვეტილებამ გააჩინა იმედი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კვლავ სამართლებრივი დავის ჭრილში დარჩება და თავიდან აგვაცილებს საპროტესტო გამოსვლებსა და სიტუაციის რადიკალიზაციას.
ხელმომწერები კარგად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლებასთან აფილირებული ბიზნესმენის - ქიბარ ხალვაშის მიერ წამოწყებული სამართლებრივი დავის უკან რეალურად დგას ხელისუფლების უკანონო ინტერესი - გააკონტროლოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა და ამ გზით მიაღწიოს მისი კრიტიკისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ჩართულია ხელისუფლების სამივე შტო. ამის თვალსაჩინო მაგალითებია საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების სინქრონული გადაწყვეტილებები, რომელთაც თან ახლდა მმართველი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთა მუქარის განცხადებები ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და მისი მენეჯმენტის მიმართ, კამპანია საკონსტიტუციო სასამართლოს „მოსათვინიერებლად“, რაც საბოლოოდ არაკონსტიტუციურად მიჩნეულ საკანონმდებლო ცვლილებებით დასრულდა და დღემდე გადაუწყვეტელი დატოვა იმ ნორმათა კონსტიტუციურობის საკითხი, რომელზე დაყრდნობითაც საერთო სასამართლოებმა კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული დავა განიხილეს და საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები - რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტასთან.
პეტიციის ხელმომწერები ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას ადამიანის უფლებათა, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებათა, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მიმართ და მიგვაჩნია, რომ დღეს, საქართველოში სიტყვის თავისუფლების, მედიაპლურალიზმის, დემოკრატიის არსებული დონისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არებული კურსის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მესაკუთრეთა ცვლილების თავიდან აცილება, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს ზემოთ ნახსენები გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებს და რაც პირდაპირ ნიშნავს ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლებას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერნი გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკვე გამოყენებული დროებითი ღონისძიების შენარჩუნებას," - ნათქვამია მანიფესტში.