აქცია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთან - საფრანგეთში მცხოვრები ქართველები რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ისინი დადებითად აფასებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეჩერებულია.
„ამათი თავხედობა არის ზღვარგადასული, როდესაც საქართველოს მიანიჭა უვიზო მიმოსვლა ევროპამ, მეორე დღესვე შეიკრიბა ეს კორუფციული სასამართლო და რუსთავი 2-ის გაუქმება გადაწყვიტეს,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ შოთა ლელაძემ.
ქართველი დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის რაც დღეს რუსთავი 2-ის გარშემო ხდება, მათ აგონებს რუსეთში, პუტინის სცენარით განვითარებულ მოვლენებს.
„ხელწერაა პუტინის, რომელმაც თავის დროზე რუსეთში ხელში ჩაედო ყველა ტელევიზია და ჩაყლაპა. ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის რუსთავი 2,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ სტრასბურგის სასამართლო გაითვალისწინებს რუსთავი 2-ის იურისტების მოთხოვნას, წარმოებაში მიიღებს სარჩელს და ასევე ევროსასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
ქართველებმა აღნიშნეს, რომ ისინი სტრასბურგის სასამართლოსთან 8 მარტსაც შეიკრიბებიან.