„დიახ, ჩემი აზრით, უკავშირდება ზუსტადაც სტრასბურგის გადაწყვეტილებას, დროებითი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით,“ - ასე აფასებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ.
კურიერის პირდაპირ ეთერში ნატა ძველიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე მიწვეულმა სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს რუსთავი 2-ის ირგვლივ არსებულ დავაზე თუმცა, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში ხელისუფლების ჩაურევლობაზე საუბრობდა.
„შეეცადა დაერწმუნებინა სამოქალაქო საზოგადოება, რომ ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან. მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი დაეთმო მედიაომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მედიაომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით მსჯელობისას არ უსაუბრიათ იმის შესახებ, თუ ვისგან არის მედია დასაცავი. მან აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად უნდა შეიქმნას.
„მე პირადად მიმაჩნია, რომ არანაირი მედიაომბუდსმენი არ გვჭირდება ქვეყანაში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ექსპერტი ისედაც ჩამოდის ქვეყანაში და ისედაც ძალიან ბევრ რეკომენდაციას წერს, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჩვენი ხელისუფლების მიერ,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.