„საქართველოში თუ რამის პრობლემა არ არის და თუ რამის დეფიციტი არ არის, ეს არის კრიტიკული აზრის გაჟღერების დეფიციტი,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკული აზრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე დადებითად შეაფასა, რადგან მისი თქმით რუსთავი 2-ის საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა იმის საჭიროება გააჩინა, რომ ხელისუფლებას საზოგადოება დაემშვიდებინა.
„იმისთვის, რომ არ ინერვიულოს საზოგადოებამ და იყოს ყველა დარწმუნებული, რომ არავინ აზრების შეზღუდვას არ აპირებს, ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ სხვადასხვა პირის მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რა მექანიზმები სჭირდებათ დამატებით იმისთვის, რომ ეს გარანტიები არსებობდეს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს სამოქალაქო სექტორი წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა მოიწონეს, თუმცა შეხვედრის შემდეგ პოზიცია შეცვალეს.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმემ ხალხში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და აუცილებელი გახდა სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა.
„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ და საქმის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოში გამოიწვია დამატებითი ვნებათაღელვა იმის თაობაზე, მედიას ხომ არ ექმნება საქართველოში რაიმე პრობლემები. ჩვენ კიდევ ერთხელ გვქონდა სურვილი, რომ გავსაუბრებოდით არასამთავრობო ორგანიზაციებს ამის თაობაზე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.