19 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
სახელმწიფომ ჩვენ უნდა გაგვიმყაროს მე მგონი პოზიცია სტრასბურგში - პაატა სალია

„ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ შეფერხებით გვადგება ზიანი,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

პაატა სალია იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქიბარ ხალვაშის პოზიციას გაითვალისწინებს და მას მოიწვევს, როგორც მხარეს.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, კერძოდ კი მისი 36-ე მუხლი ითვალისწინებს მესამე, დაინტერესებული მხარის ჩართვას პროცესში, განსაკუთრებულ შემთხვევებში და ასევე წესების 44-ე მუხლი არის, რომელიც კონკრეტულ პროცედურას განმარტავს. ამ პროცედურის შესაბამისად ჩვენ წარმოვადგინეთ წერილობითი მოთხოვნა, ვინაიდან ეს დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და რომელიც უნდა განიხილოს კოლეგიამ 8 რიცხვამდე, არის ჩვენი ინტერესი, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა ეს წილები  და შესაბამისად, პირდაპირ ზიანს აყენებს ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არის შეჩერებული დროებით, შესაბამისად, როგორც დაინტერესებულმა მხარემ, მოვითხოვეთ ამ პროცესში ჩართვა,“-აცხადებს სალია.

ქიბარ ხალვაშის უფლებადამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განცხადებით დღეს მიმართა და ამ ეტაპზე არ იცის როდის მიიღებს სტრასბურგის სასამართლოსგან პასუხს.

ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის საქმე კერძო დავაა და სტრასბურგის სასამართლოში მხარეს არა რუსთავი 2, არამედ ძმები ყარამანაშვილები და შპს ტელეკომპანია საქართველო წარმოადგენენ. პაატა სალიას თქმით, მას და მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოზე სწორედ ასე სურთ მხარეს დაინტერესებულ წარმოადგენდნენ.

ის განმარტავს, რომ კონვენციის მიხედვით მოპასუხე მხარე არის სახელმწიფო და ქიბარ ხალვაში მოპასუხე ვერ იქნება.

„სახელმწიფომ ჩვენ უნდა გაგვიმყაროს მე მგონი პოზიცია, ვინაიდან საქართველოს სახელით გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომელითაც ქიბარ ხალვაში იქნა მესაკუთრედ ცნობილი,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ის ასევე ამბობს, რომ მათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის თაობაზე წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონდათ და ეს გადაწყვეტილება იმ კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს, რომლებსაც სტრასბურგის სასამართლოსთან ურთიერთობაში გაცილებით უფრო დიდი გამოცდილება აქვთ.

დღის ამბები