„ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანა უნდა დაადგეს დემოკრატიული განვითარების გზას,“ - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი აზრით, მაშინ, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ არის და პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობაა, ქვეყანაში „თავისუფალი სივრცე არ რჩება.“ თამარ კორძაიას თქმით, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების დროს საქართველოში აუცილებლად უნდა არსებობდეს მედია, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმს ქმნის.
„დღეს რუსთავი 2 ქმნის პლურალიზმს თავის ეთერში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ოპოზიციურ პარტიას აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. თუ ეს სივრცე ჩაიკეტა, ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიული არჩევნები ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა დაადგება რეგრესის გზას,“ - აცხადებს თამარ კორძაია.
ის აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მისი აზრით ქვეყანა რეგრესის გზაზე დგას და ეს საგანგაშოა.
„სწორედ ამიტომ იყო პასაჟი ასეთი მკაცრი ჩვენს გაცხადებაში, რომ ვთქვით: თუ ევროპის სასამართლო არ გააგრძელებს შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია ქვეყანაში ძალიან მძიმე შედეგები დაგვიდგეს,“ - აცხადებს თამარ კორძაია.
მისი აზრით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან დაუგეგმავი, მაგრამ მოსალოდნელი იყო.
„ამ გადაწყვეტილებით ნამდვილად ჩანს, რომ ეს არის სპონტანური გადაწყვეტილება და არა ნაფიქრი და ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე გათვლილი შემოთავაზება,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.