დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნებოდა. სტრასბურგის სასამართლოში შეხვედრას მართავდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ხოლო დღის მეორე ნახევარში, სასამართლოში განაცხადი ქიბარ ხალვაშმა თავის უფლებადამცველთან ერთად შეიტანა.
ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს საქმეში მისი მესამე მხარედ ჩართვა სთხოვა. ხალვაში ამბობს, რომ საკუთარი ქონების დასაცავად ყველა სამართლებრივ ღონისძიებას მიმართავს.
რუსთავი 2-ის ადვოკატები ამბობენ, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა მესამე მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. მათთვის გასაკვირი იყო ისიც, რომ ხალვაში და იურისტი მოთხოვნის გადასაცემად ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირადად მივიდნენ.
რუსთავი 2-ის იურისტებმა დამატებითი დოკუმენტები სტრასბურგის სასამართლოში მიღებული წესის მიხედვით გაგზავნეს. ევროპელმა მოსამართლეებმა 8 მარტამდე უნდა გადაწყვიტონ გააგრძელებენ თუ არა 3 მარტს მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების მოქმედების ვადას.
მიხეილ ჯანელიძემ დღეს, სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ არ დააკონკრეტა ვის შეხვდა, თუმცა ამტკიცებდა რომ საუბრის თემა რუსთავი 2-ის საქმე არ ყოფილა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთან დღეს რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.
ავტორები: ნათია ტრაპაიძე, თამარ ნუცუბიძე