სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვის პარალელურად მდგომარეობის გამოსასწორებლად პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივა წამოაყენა, თუმცა შეხვედრის მონაწილეების უმრავლესობა ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდა. მათი თქმით, ამ ინიციატივით ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ საკუთარი იმიჯის გადარჩენას ცდილობს.
მთავრობის ასეთი რეაქცია რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. პრემიერის განცხადებით, ახალი უწყების მთავარი ფუნქცია მედია სივრცის კონტროლი იქნება.
მედია ომბუდსმენის აპარატი, პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს და მაგალითისთვის მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი მოჰყავს.
ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ მთავრობის ინიციატივას ფორმალობად აფასებს მედია ექსპერტებისა და ჟურნალისტების ნაწილი. მათთვის გაუგებარია, ვისგან უნდა დაიცვას ჟურნალისტები მედია ომბუდსმენმა, როდესაც მედიისთვის მთავარ საფრთხეს ხელისუფლება წარმოადგენს. სახალხო დამცველის მოადგილე კი ახალი უწყების ფუნქციების გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს.
როდის შეიქმნება ახალი, მედიაომბუდმსენის ინსტიტუტი, ვინ უხელმძღვანელებს და ვინ დაამტკიცებს მას, ჯერჯერობით უცნობია.