„თუკი პრეზიდენტი ამბობს, რომ მედია ომბუდსმენი შეიქმნას, მე ვამბობ, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. გვყავს ომბუდსმენის აპარატი, რომელიც თავისთავად, ისედაც, გარკვეულ საკითხებში არ მოდის შესაბამისობაში გარკვეულ პოზიციებთან, რომელიც მთავრობას გააჩნია,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, მანამდე გააკეთა, სანამ გაიგებდა, რომ მედიაო მბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ ინიციატივა არა პრეზიდენტს, არამედ პრემიერ-მინისტრს ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით რიტორიკა შეცვალა.
არსებული მედიაგარემოს გათვალისწინებით, პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი მთავრობის ინიციატივაში გამოსავალს ვერ ხედავს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნით, ხელისუფლება რუსთავი 2-ის საქმის გამო მიმდინარე ხმაურიანი პროცესების განეიტრალებას ცდილობს.
ოპოზიციონერი დეპუტატები თვლიან, რომ ახალი ინიციატივით ხელისუფლება, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დასავლელი პარტნიორებისთვის განწყობის შეცვლას ცდილობს, თუმცა მმართველი გუნდის წევრები, კერძოდ, ვიცე-პრემიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა არც მალავს, რომ ახალი ინიციატივით ისინი ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას ცდილობენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ პარტიებში მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ მეტ კონკრეტიკას ელოდებიან. მათ შორის იმის შესახებ, თუ ვისთან იქნება ანგარიშვალდებული ახალი აპარატი და როგორ და ვის მიერ აირჩევა მისი ხელმძღვანელი.
ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, შოთა კიკნაძე.