სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერელური დირექტორი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ნიკა გვარამია დიპლომატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ტელეკომპანიის სასამართლო დავასთან დაკავშირებით და კომპანიის სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
"დღეს სწორედ რუსთავი2-ის გუნდის მხარდასაჭერად მოვედი. თქვენი ტელეარხი ძალიან პოპულარულია, უამრავი ადამიანი უყურებს თქვენს გადაცემებს. ის ფაქტი, რომ გაქვთ პოზიტიური, კონსტრუქციული და კრიტიკული მიდგომა ახალი ამბების მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, როდესაც ძლიერი უმრავლესობა არსებობს და მთავრობას შეუძლია, თავი მშვიდად იგრძნოს პოლიტიკის გატარებისას პარლამენტის სრული მხარდაჭერით, არასამთავრობოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას უფრო დიდი როლი ეკისრება. ამიტომ საფრანგეთის საელჩომ გამონაკლისი დაუშვა და განცხადება გააკეთა საქართველოსი დემოკრატიის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, მთავრობა მოგვისმენს. ჩვენ არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში და, როგორც ასეთი სასამართლოს გადაწყვეტლება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მას რა შედეგებიც მოყვება,“ - განაცხადა საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პასკალ მონიემ.
მისი თქმით, მფლობელის ვინაობის მიუხედავად, რუსთავი2-ის დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და მისი სარედაქციო პოლიტიკა დარჩეს ისეთი, როგორიც დღესაა. პასკალ მონიეს განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მათთვისაც მოულოდნელი იყო. მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტრასბურგში ვიზიტზეც ისაუბრა.
„ევროპულმა სასამართლომ პირველად მიიღო თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება და ამით აჩვენა, რომ საქმე მნიშვნელოვანია. ევროკავშირში ყველას ესმის, რომ რუსთავი2 გამოხატვის თავისუფლების სიმბოლო გახდა საქართველოში. სწორედ ამიტომ გყავთ ბევრი მხარდამჭერი. წავიკითხე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრა სტრასბურგში. გასაგებია ისიც, რომ ყველა პარტია გამოხატავს საკუთარ აზრს სასამართლოს მიმართ. ჩვენ არ გვინდა ჩავერიოთ სასამართლოს საქმეებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაც ნამდვილი დემოკრატიის გარანტიაა და გვინდა, იმედი გვქონდეს, რომ მთავრობაც არ ერევა სასამართლოს საქმეებში," - განაცხადა პასკალ მონიემ.