პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის, აზრით, სარედაქციო პოლიტიკა და მესაკუთრეების საკითხი რუსთავი2-ის საქმეში ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს.
რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა მას არ მოსწონს, მაგრამ, მისი თქმით, ყველა მაუწყებლობას აქვს არსებული რეგულაციის ფარგლებში, წარმართოს საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა.
მისი განცხადებით, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები არასაკმარისი ინფორმირებულობით არის გამოწვეული. ის ხაზს უსვამს, რომ აქ სტრასბურგის სასამართლოს არ გულისხმობს.
„ისინი ვფიქრობ, რომ არასაკმარისად არიან ინფორმირებულები და, რაც მთავარია, პოლიტიკური შინაარსი ამას შესძინა ძირითადად იმან, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ არის წარმართული პოლიტიკური კამპანია, რომელიც არ არის დაკავშირებული სიტყვის თავისუფლებასთან,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ის იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მესაკუთრეთა საკითხთან დაკავშირებით სამართლიანი იქნება.
გია ჟორჟოლიანმა კურიერთან საუბრისას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შემქნის ინიციატივაზეც ისაუბრა. მისთვის საკმარისად ნათელი არ არის, თუ რა სახის შეიძლება იყოს ეს ინსტიტუტი.
„ვითარების დასტაბილურებისათვის შესაძლებელია, ამას პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდეს და ამდენად, თუ ეს კონსესუალური გადაწყვეტილება იქნება, შესაძლებელია იქნება ასეთი ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე საუბარი,“ - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.