პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტს სტრასბურგში „სასაცილოს“ უწოდებს.
განცხადება გიგი უგულავამ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი თვითონ ქართული ოცნებისა და მთავრობისთვის. როდესაც მინისტრი და რაღაც დელეგაციები სასამართლოში მიდის ასეთ კრიტიკულ დროს, თვითონ მესიჯია უკვე იმის, რაც რეალურად არის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ და დასძინა, „თუ რამეს ამტკიცებს ეს, ამტკიცებს ერთ რამეს, რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული შედეგით და შესაბამისად უნდა იმ გადაწყვეტილების შეცვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ“.
გიგი უგულავა საუბრობს, თუ რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„თუ ეს ძალაში შევიდა, ჩვენ მივიღებთ სამოქალაქო ურთიერთობებში სრულ ქაოსს, მივიღებთ რევოლუციას და ამაზე პასუხისმგებელ იქნება ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
ის ასევე პრემიერის ინიციატივას მედიაომბუდსმენის შემოღებას შესახებ ეხმაურება და მას „თვალის ასახვევ ინიციატივას“ უწოდებს.
გიგი უგულავა რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებზე საუბრობს.
„ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოში, იყო ნაბიჯი პირდაპირ ორმოში საერთაშორისო თვალსაზრისით. ეს არის ორმოში ჩადგმული ნაბიჯი და ეს არის ის ორმო, რომელშიც თუ ხელისუფლებამ ჩაგვაგდო, რამდენიმე წელი დაგვჭირდეს ამ ორმოდან ამოსასვლელად. ეს არის ხაზის გადასმა ყველა მიღწევაზე,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.