19 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ხელისუფლება ცდილობს, რუსთავი2-ის პროცესი გადაიტანოს ენმ-სა და დანარჩენ საქართველოს შორის დაპირისპირებაში - დავით ზურაბიშვილი

"ასეთი უპრეცედენტო ერთსულოვნება საერთაშორისო დონეზე მე არ მახსოვს,“ - თბილისის საკრებულოს წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, რუსთავი2-ის საქმეზე საერთაშორისო გამოხმაურებები შეაფასა.

ამ საკითხზე მან კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არ დარჩა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რუსთავი2-ის საქმის თაობაზე არ გამოუხატავს.

„ეს უნდა იყოს უკიდურესად საგანგაშო სიმპტომი, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის და პირველ რიგში იმას უნდა დაუფიქრდნენ, რომ ხომ არ შეიძლებამ ყველა ცდებოდეს,“ - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეს დავა წამოიწყო იმიტომ, რომ მისგან დამოუკიდებელი მედია გააჩუმოს და ამას უკვე ყველა ხვდება. ის ვარაუდობს, რომ სტრასბურგის სასამართლო რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას საქმის არსებითი განხილვამდე შეაჩერებს.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ადრე თუ გვიან გაირკვევა, რა მიზნით იყო მისული საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგის სასამართლოში. მისი განცხადებით, რაც უფრო მეტად გამოავლენს ინტერესს საქართველოს ხელისუფლება რუსთავი2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მით უფრო მეტად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ის, როგორც მხარე.

მისი აზრით, პრემიერმინისტრის ინიციატივა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე არის იმის მცდელობა, რომ აჩვენონ, თითქოს ხელისუფლება მასმედიის დამოუკიდებლობაზე ზრუნავს.

„ხელისუფლება ცდილობს, ეს პროცესი გადაიტანოს ნაციონალურ მოძრაობასა და დანარჩენ საქართველოს შორის დაპირისპირებაში და, თითქოს, აქ ახლა მიდის წმინდათაწმინდა ომი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და რუსთავი2 არის ურჩხული ამ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რომელიც ქართველ ერს ემუქრება. რეალურად ეს ასე არ არის,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ საქმეში მთავარი საზოგადოების ინტერესია.

დღის ამბები