ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე რუსთავი2-ის საქმის მისვლის გამო განაწყენება მმართველი გუნდის ნაწილს დღეს არ დაუმალავს.
დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, განსაკუთრებულ მიდგომას რუსთავი2 არ იმსახურებს, თუმცა რატომ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ამაზე პასუხი არ აქვს.
აღსრულების შეჩერების შესახებ 3 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიურობა, სტრასბურგში ვიზიტები ისევე, როგორც მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, კონკრეტული მიზეზებით ახსნეს ოპოზიციაში. მმართველი გუნდში კი, რუსთავი2-თან დაკავშირებით მიმდინარე განსაკუთრებულ პროცესებს არ ადასტურებენ.
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების მიმართულებით სერიოზული პრობლემების აღიარებისკენ მოუწოდებს.
რუსთავი2-ის საქმის ირგვლივ გაერთიანებული სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ განაწყენება აღმასრულებელი ხელისუფლების შემდეგ, დღეს არც პარლამენტში დაუმალავთ. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას შიდა პროტესტთან ერთად, საერთაშორისო ზეწოლაზე გამკლავება სულ უფრო გაუჭირდება.
რუსთავი2-ის საქმის მასალებს სტრასბურგშია ის მიმართვები ერთვოდა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს ასაბუთებენ.
ავტორი: ანა წერეთელი