ამ წუთებში რუსთავი2-თან უკვე შეკრებილია რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის საკოორდინაციო საბჭოს წევრები. საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეებიც.
რუსთავი2-ის შენობასთან იმყოფება პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, რომელიც ამბობს, რომ „ჩვენ ნელ-ნელა ვხდებით ევროპული სივრცის, ასე ვთქვათ, სრულუფლებიან წევრი.“
„დღეს ჩვენ ევროპამ დაგვიცვა სამართლებრივად, ხვალ ჩვენ ნატო დაგვიცავს პოლიტიკურად, დაგვიცავს სამხედრო თვალსაზრისით. დღეს ევროპამ გადაარჩინა საქართველო კრიზისს. ფაქტობრივად, დღეიდან საქართველოში იწყება მნიშვნელოვანი და ახალი ისტორიული ეტაპი. დღეს საქართველო არის განსხვავებული, ვიდრე ის იყო გუშინ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, რომელმაც ქართულ საზოგადოებას გადაწყვეტილება მიულოცა.
„რუსთავი2 აღმოჩნდა კვლავ ის რგოლი ქვეყანაში, რომელმაც ჩვენი ევროატლანტიკური მიმართულება კიდევ ერთხელ გაამართლა,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.