რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რუსთავი 2-ის იურისტების განმარტებით ძალაში უვადოდ დარჩება, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
როგორც გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, შვიდმა მოსამართლემ ერთხმად გადაწყვიტა, შემდეგომ შეტყობინებამდე, დაადასტუროს 2017 წლის სამ მარტს მორიგე მოსამართლის მიერ ამ საქმეზე მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიება სასამართლოს წესების 39-ე მუხლის თანახმად.
„ჩვენ საქმეში იმდენი დარღვევა იყო, იმ დენად უპრეცენდენტოდ უსამართლოდ მოგვექცნენ უსამართლოდ ექცეოდნენ ქვეყანას, ქვეყნის მომავალს, ბედს, რომ გულის სიღრმეში მჯეროდა რომ შეიძლებოდა გაგვემარჯვა. მოხდა უპრეცენდენტო რამ, შეიცვალა ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა, გზა გავუხსენით ყველა იმ უფლებადარღვეულ პირს, რომლის სიტყვის თავისუფლებაც ირღვევა. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის ხალხი და ხალხმა კონსტიტუციით თქვა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია - ხელისუფლებავ, მოუსმინეთ ხალხს!“-აცხადებს თამთა მურადაშვილი.
რუსთავი 2-ის კიდევ ერთი იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს.
„საქართველოში იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე ერთმა მორიგე მოსამართლემ მიიღო, დღეს უკვე პალატამ ერთხმად დაადასტურა და დღეს უკვე აღარ არსებობს კითხვები ამ გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით,“-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ქართულ სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს უფლების არქონაზე ამახვილებს ყურადღებას ტელეკომპანიის იურისტი დიმიტრი ძაგნიძეც.
„ქართულ სასამართლოებში ჩვენთვის არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება,“-აცხადებს დიმიტრი ძაგნიძე.