19 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ეს დღე შევა საქართველოს ისტორიაში - საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ სიტყვის თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერების აზრით, მიუთითებს, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო პოლიტიკური.

„ეს დღე შევა საქართველოს ისტორიაში და მინდა გითხრათ, რომ  შევა ისტორიაში ევროსასამართლოსთვისაც და საერთოდ სიტყვის თავისუფლების დაცვის სტანდარტის და იმ ცუდი ამბიდან, როგორი განზრახვაც  ჰქონდა ივანიშვილის რეჟიმს გამოვიდა ძალიან კარგი ამბავი საქართველოსთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის ზოგადად. იმიტომ, რომ ეს სტანდარტი შექმნა რუსთავი 2-ის გუნდმა,“-განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ევროსასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით ნიღაბი ჩამოხსნა ქართული ოცნების ხელისუფლებას.

„რეაქცია, რომელიც იყო რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ნათელი დადასტურებაა, რომ დღეს ევროპაში ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლებამ გზა აიღო ავტორიტარიზმისკენ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ ნიღაბი ჩამოხადა ქართული ოცნების ხელისუფლებას არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც,“-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ოპოზიციის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ და  მედიისა და სიტყვის თავისუფლების მხრივ არსებულმა საფრთხეებმა განაპირობა.

დღის ამბები