სტრასბურგის სასამართლოს მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწვეტილებას, რომლის მიხედვითაც დროებითი ზომის მოქმედება უვადოდ გახანგრძლივდა, კომენტარს არ აკეთებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
ალექსანდრე ბარამიძე სტრასბურგში იმყოფება და მხოლოდ იმას ამბობს, რომ საკითხზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე. კახიძე მომხდარს ქართული საზოგადოების დიდ გამარჯვებას უწოდებს. მისი თქმით, გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლო გახდა საქართველოში სიტყვის თავისუფლების გარანტი.
„ევროპული სასამართლო გამოვიდა როგორც გარანტი სიტყვის თავისუფლების, როგორც გარანტი მედია პლურალიზმის და ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების. ეს არის სილის გაწვნა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ეს საქმე იმდენად თეთრი ძაფით იყო ნაკერი, რომ ისედაც ნათელი იყო რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ამის უკან,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით დროებითი ზომის მოქმედება უვადოდ გაახანგრძლივა. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გუშინ საღამოს გახდა. შედეგად ევროსასამართლოს შემდგომ შეტყობინებამდე საქართველოს ეკრძალება ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ნებისმიერი ღონისძიების განხორციელება, რასაც მედია თავისუფლების შეზღუდვა შეიძლებოდა გამოეწვია.