19 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
გაკვეთილი რომელიც ადეკვატურად უნდა იქნას აღქმული ხელისუფლებისგან-არასამთავრობო ორგანიზაციები სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებენ 

უპრეცედენტო და ისტორიული - ასეთი შეფასებები მოჰყვა რუსთავი 2-ის  საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენებას საქართველოში.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს გაკვეთილი ხელისუფლებისთვის, რათა შეცვალონ მიდგომა სასამართლო სისტემისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ.  

საია-ს თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიხვდეს, რომ კონკრეტულ საქმეებზე ზეგავლენის მცდელობებს შეეშვას.

„ეს უნდა იყოს გაკვეთილი და ახლა მაინც ადეკვატურად უნდა იქნას აღქმული ხელისუფლებისგან ის რაც მოხდა. მიზეზების ძიებას სხვებში არ უნდა დაიწყონ. სამწუხაროდ ამის მაგალითებსაც ვხედავთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ერთის მხრივ ხელისუფლება მიხვდეს, რომ კონკრეტულ საქმეებზე ზეგავლენის მცდელობებს შეეშვას, ეს არის არაკანონიერი და არასწორი მოქმედება და მეორეს მხრივ დაიწყოს არა ნახევარი ნაბიჯებით, არამედ სრული და მკვეთრი ნაბიჯებით სასამართლო სისტემაში იმ სისტემური პრობლემების გამოსწორება, რომლებმაც ხელი შეუწყვეს იმ სავალალო შედეგს რაც სტრასბურგში დადგა,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლებასაც ულოცავს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი.

„საქართველოს ხელისუფლებასაც ვულოცავ, იმიტომ, რომ ეს იძლევა შანსს დროზე გამოფხიზლდეს და მიხვდეს თუ რა ახალ რეალობაში იმყოფება და შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯები გადადგას. ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა ერთი ცუდი ფაქტი, რომ ჩვენ საქმე გვქონდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან,“-აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი.

საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარეც. გიორგი მშვენიერაძის თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზე წარმოებულ სასამართლო პროცესებს და გადაწყვეტილებებს არაფერი ჰქონდა საერთო სამართლიან სასამართლოსთან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები