„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ გააცუცურაკოს ევროპელი პარტნიორები,“- ეს განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ გააკეთა.
მან რუსთავი 2-ის საქმეზე გიორგი კვირიკაშვილისთვის ევროპარლამენტარების მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ევროკაშირისთვის აუცილებლად მიუღებელია, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური ინტერესებისთვის სასამართლო ხელისუფლებას იყენებს, რომ ერთ ტელევიზიაში მათ მოახერხონ მათდამი კრიტიკულად განწყობილი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ეს არის სერიოზული პრობლემა, ეს წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან, მათ შორის იმ პასუხისმგებლობებთან, რომელიც საქართველოს აღებული აქვს ასოცირების ხელშეკრულებით, მაშინ როდესაც ევროკავშირი ასრულებს ყველა იმ დაპირებას, რომელიც მან გასცა, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ გააცუცურაკოს ევროპელი პარტნიორები და პასუხისმგებლობებზე თქვას უარი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულია,“- განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ის რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა.
„მადლობა სტრასბურგის სასამართლოს, მან რეალურად შეაჩერა საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს გარდაუვალი დეგრადაცია,“- აღნიშნა გიორგი რუხაძემ.
გიორგი რუხაძე გადაცემა არჩევანში ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში არის საქმე რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ.
„ყოვლად აღმაშფოთებელია, როცა ის ამას პოლიტიკურ განცხადებად აფასებს... საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დაფიქრდნენ, სანამ რამეს იტყვიან, თუ არ იციან რა თქვან, ჯობია არაფერი არ თქვან,“- აღნიშნა გიორგი რუხაძემ.