უპრეცედენტო გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში სწორედ რუსთავი 2-ის საქმის სახელით შევა. პოლიტიკური გზავნილი, რომელმაც მედიის თავისუფლებასთან ერთად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ქვეყანაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ასეთია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური პარტიების რეაქცია. ოპოზიცია ხელისუფლებას შეცდომების აღიარებისკენ მოუწოდებს.
რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება უკვე მეორე დღეა ძალაშია.
სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება უვადოდ, ერთხმად გუშინ გააგრძელა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე აღასრულოს, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.
ქართული ოცნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების განსაკუთრებულობას ვერ ხედავს. მმართველი გუნდის ნაწილს, უპრეცედენტო გადაწყვეტილების რეაქციაზე გაღიზიანება არ დაუმალავს.
ის, რამაც ხელისუფლება გააღიზიანა, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გადარჩენის მაგალითად შეფასდა არასაპარლამენტო პარტიებში.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის არსებითი განხილვა. იქამდე კი, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად, რუსთავი 2 მოქალაქეებს 11 მარტს 14 საათზე, პარლამენტის შენობასთან დაელოდება.
ავტორი: ანა წერეთელი.