საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწვეტილებას ეხმაურება.
გიორგი კვირიკაშვილმა პირველი კომენტარი იტალიაში ვიზიტის დროს გააკეთა. პრემიერი ამბობს, რომ საქმე ორ კერძო სუბიექტს შორის დავა იყო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც ეს საქმე ამ ჭრილში გრძელდება.
„ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას. საერთოდ მგონია, რომ ეს საკითხი იყო გაზვიადებული და პოლიტიზირებული და ასე ხდება დღესაც,“-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
პრემიერი ევროპალამენტარების წერილსაც პასუხობს. მისი თქმით, დემოკრატიზაციის კუთხით საფრთხე საქართველოში არ არსებობს. კვირიკაშვილის განცხადებით, მზად არის ევროპელი დეპუტატებისთვის საპასუხო გზავნილიც, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
„წერილის შინაარსი ჩემთვის ცნობილია, ჩვენ საპასუხო წერილიც მოვამზადეთ, რომელიც გამოქვეყნდება. საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. აჟიოტაჟი, რომელიც იქნა აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი, მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არავითარი საფრთხე საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არ არსებობს,“-განაცხადა კვირიკაშვილმა.