საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, მოატყუოს ევროპელი პარტნიორები და პასუხისმგებლობებზე უარი თქვას-ამ განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურებიან.
ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები არსებულ მდგომარეობას საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის სამარცხვინოდ მიიჩნევენ.
„ნაცვლად იმისა, რომ ყურად იღონ ეს ძალიან მკაცრი გაფრთხილება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა მიიღო ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლისგან, ჩვენ ვიღებთ უპასუხისმგებლო და უსუსურ განცხადებებს, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის წევრების კომპეტენციას,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ევროპული საქართველოს ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისუფალი მედიის შეზღუდვისა და რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობის გამო, საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო.
„ამ გაფრთხილებას თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში მოხდება ჩვენი თანდათანობითი იზოლაცია. ეს იქნება ყველასთვის ცუდი და პირველ რიგში ჩვენი დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხისთვის,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.
მმართველი გუნდის შეფასებებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი2 ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის ეხმაურებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის სარჩელი არის საქართველოსთვის და არა საქართველოს წინააღმდეგ.
„ევროსაბჭოს ყველა ქვეყნისათვის ეს არის პრეცედენტი, რომელიც ბევრს გამოადგება სიტყვის თავისუფლების დასაცავად მომავალშიც. რაც შეეხება საქართველოს- ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც გადაარჩინა სიტყვის თავისუფლება და დატოვა პროცესები ფორმალურ დემოკრატიულ ფარგლებში,“-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.