სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბუნდოვან განცხადებას აკეთებს.
თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხის გარშემო ბოლო პერიოდში უცნაური სიხარული და ნიშნის მოგებაა, რაც მისი თქმით, მომავალ თვეში დასრულდება.
„ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა ვიდრე საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ჰგონიათ, გვაქვს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც შეინიშნება ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში, შეინიშნება გარკვეულ ჯგუფებს შორის მერწმუნეთ, რომ მომავალ თვეში ეს ყველაფერი დასრულდება და ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას იმ ტემპებით რა ტემპებიც 2017 წლის იანვარში უკვე ცალსახად ნათელი იყო.
"მომავალ თვეში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, ასევე უვიზო რეჟიმი შედის ძალაში და წინ გველოდება ძალიან დატვირთული ტურისტული სეზონი, რომელსაც ახლავს ბუნებრივია ახალი ეკონომიკური სტიმულები,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე რა კავშირშია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან, თალაკვაძე ამბობს:
„რუსთავი 2 აგრძელებს საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში.“