რესპუბლიკურ პარტიაში რუსთავი 2-ის საქმეზე და ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადებაზე ბრიფინგი გამართეს.
"საქართველოს ევროპამ დაუდასტურა უპირობო მხარდაჭერა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სამართლებრივად, ბრიუსელმა პოლიტიკურად, მხარი დაუჭირა საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, როგორც ევროპული ოჯახის წევრებს, მან დაგვიცვა ჩვენ ხელისუფლების თვითნებობისგან,“ - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.
ის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერსა და მმართველ გუნდს მოუწოდებს თავისი განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ.
„ნებისმიერი ხელისუფლება, თუ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ეცდება, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, თუ ევროატლანტიკური არჩევანი შეცვალოს, ის ნებისმიერ შემთხვევაში იქნება დამარცხებული,“ - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის წევრი, თამარ კორძაია.
ის აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის საქმის ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ევროპა საქართველოს გვერდით დგას. თამარ კორძაიამ განმარტა, თუ რას ნიშნავს ფრაზა - რუსთავი 2 უჩივის ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს.
„ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს უჩივლოს საკუთარ სახელმწიფოს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით. 800 მილიონამდე ადამიანს უფლება აქვს მიმართოს ევროპის სასამართლოს და უჩივლოს იმ ხელისუფლებას, რომელიც არღვევს მის უფლებებს. მარტივია, მეგობრებო, ეს საკითხი და ამ თემით მანიპულირება და სათაურების გამოტანა, რომ რუსთავი 2 ჩივის სახელმწიფოს წინააღმდეგ, თითქოს რუსთავი 2 არის სახელმწიფოს მტერი, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება და მოქალაქეების მცდარი აზრის ჩამოყალიბების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ მოვუწოდებთ ისევ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს მანიპულაცია თავისი, ასე ვქვათ, მესიჯბოქსით და მიწოდოს ზუსტი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებს,“ - აცხადებს თამარ კორძაიამ.