ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შეფასება თითქოს ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა არასწორია და ამის შესახებ საქმის განხილვის პირველივე ეტაპზე იყო ცნობილი.
ნაცვლიშვილის თქმით, საქმის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით არსებული კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არსებობს, მისი მნიშვნელობა კი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.
საია-ს თავმჯდომარე ურჩევს ხელისუფლებას გაითვალისწინოს ის კრიტიკა, რომელიც ხელისუფლების მისამართით რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გაისმა.
„სამწუხაროდ რუსთავი 2-ის საქმე არ არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა. თავიდანვე ჩნდებოდა ამ მიმართულებით არაერთი კითხვა და კითხვის ნიშანი, რომელზეც პასუხი ვერ იქნა გაცემული. ამიტომ ჩვენ ამ საქმეს ვერ მივიჩნევთ, როგორც ერთ-ერთ რიგით საქმეს. მით უმეტეს იმ შედეგის გათვალისწინებით, რომელიც ამ საქმეს მოჰყვა სტრასბურგში, როდესაც სასამართლომ უპრეცედენტო მაგალითი შექმნა,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.