საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, სადაც დეპუტატი რუსთავი 2-ის ირგვლივ განწყობის შეცვლაზე საუბრობს, მმართველი გუნდის წევრები განმარტავენ.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადება არასწორად იქნა აღქმული და ინტერპრეტირებული.
დეპუტატის თქმით, არავინ იცის დასრულდება თუ არა მომავალ თვეში სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იუსტიციის დასაშვებობის საკითხი მარტის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.
„მსგავსი ინფორმაცია მომავალ თვეში დასრულდება თუ არა, არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ზუსტად ასე არ უნდა აღქმულიყო ეს განცხადება, მგონია რომ თქვენი ინტერპრეტაციაა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფოს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და თვის ბოლომდეა ვადა როდესაც დასაშვებობის საკითხი უნდა გადაწყდეს, შესაძლებელია იყოს ამაზე საუბარი,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბუნდოვან განცხადებას აკეთებს.
თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხის გარშემო ბოლო პერიოდში უცნაური სიხარული და ნიშნის მოგებაა, რაც მისი თქმით, მომავალ თვეში დასრულდება.